საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ადამიანის უფლებებზე, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ორგანიზებით, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, 21-23 აგვისტოს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამთავრობო სამოქმედო გეგმას ეძღვნებოდა.

შეხვედრებს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი და ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი უძღვებოდნენ. სპიკერებმა ისაუბრეს და უპასუხეს დაინტერესებულ პირთა კითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის შრომითი უფლებები, ბავშვთა უფლებები, დევნილთა უფლებები, გენდერული თანასწორობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ადამიანის უფლებების დამცველებმა აქტივისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. 

შეხვედრები ჩატარდა პროექტის - „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო და ის მიზნად ისახავს 10 თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელშეწყობას რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

პროექტის პირველი ეტაპი, რომელმაც 10 რეგიონი მოიცვა, აღნიშნული შეხვედრებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სამდივნო, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, შეხვედრების კიდევ ერთ ეტაპს ჩაატარებს.