საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) თანამშრომლობით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში, 23-25 აგვისტოს, საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაძლიერება და მათთვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიით და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულების პროცესს.

ტრენინგებით, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა, დასრულდა საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებებზე სავალდებულო კურიკულუმზე მუშაობა, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში საჯარო მოხელეთა ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
ტრენინგების სერია და კურიკულუმის შემუშავება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში" და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.