საქართველოს მთავრობა – სიახლეები

უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართულ ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-12

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართულ ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული თემატური სამუშაო ჯგუფების წევრებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომის გადაწყვეტილებით, რომელიც 2017 წლის 2 აგვისტოს ჩატარდა, შეიქმნა უწყებების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სამი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს 2018-202 წლების შემდეგ სამოქმედო გეგმებს:

• ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა;
• ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების სამოქმედო გეგმა;

ერთ-ერთი თემატური სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების თავზე;
„ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი უნდა იყოს რეალისტური და საჭიროებებზე მორგებული საქმიანობის დაგეგმვა, რომელსაც პასუხისმგებელი და დამხმარე უწყებები 3 წლის განმავლობაში განახორციელებენ. სამოქმედო გეგმებზე მუშაობის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია საქმიანობების შესრულების კონკრეტული ვადებისა და ბიუჯეტის განსაზღვრა", - აღნიშნა სოფიო ჯაფარიძემ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის თანმიმდევრულობის მნიშვნელობასა და სამოქმედო გეგმების თანხვედრის აუცილებლობას მდგრადი განვითარების შესაბამის მიზნებთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები - კომისიის წევრები სათათბირო ხმით.

2017 წლის 12 ივნისს საქართველოს მთავრობის №286 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმები და აღნიშნული პოლიტიკის განვითარების ხელშემწყობი წინადადებები. კომისია თავისი მანდატის ფარგლებში ასევე კოორდინაციას და მონიტორინგს გაუწევს აღნიშნული სამოქმედო გეგმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

უწყებათაშორისი კომისია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად ითანამშრომლებს სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოფს სამუშაო პროცესებში მათ ჩართულობას.