შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-28

საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გატარებული რეფორმები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან ვიგენინთან და დელეგაციის სხვა წევრებთან გამართეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა, დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გაწერილი მთავრობის პრიორიტეტების და აღნიშნული დოკუმენტების იმპლემენტაციის დინამიკის შესახებ. სოფო ჯაფარიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით მთავრობის სამომავლო ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის ასპექტებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაესწრო.