კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

2017-09-29

------

კომერციული და საგადასახადო პალატების შექმნა, სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, პენიტენციური სისტემის რეფორმა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რეფორმები სასამართლო და პროკურატურის სისტემაში, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემები საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების თემაზე საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით გამართა.
შეხვედრას სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა და მინისტრების მოადგილეებმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით ყოველწლიურად, დონორებისთვის ექვსი თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომლებიც კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებას; ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას; ეკონომიკურ ზრდას; ადამიანური კაპიტალის განვითარებას; სოციალურ კეთილდღეობას და დემოკრატიულ მმართველობას ეძღვნება.