ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიქმნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-06

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ბორჯომში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და წევრი უწყებების საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვაზე პასუხისმგებელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამდღიანი შეხვედრების პირველი დღე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოს მიერ საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე აღებულ ვალდებულებებზე,  ძალადობის გამომწვევი მიზეზებზე, შედეგებსა  და მსხვერპლთა თვალით დანახულ მთავარ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო.  


შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.


ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ჯგუფებში მუშაობას, საკომუნიკაციო არხების, სამიზნე აუდიტორიისა და საკომუნიკაციო გზავნილების განსაზღვრას მიეძღვნა, რის შედეგადაც სამუშაო ჯგუფმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი შეიმუშავა. დოკუმენტი საბოლოო სახით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება.


ეროვნული კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს პასუხისმგებელ უწყებათა კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას და  სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის. ინიციატივა შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის მიერ სტამბოლის კონვენცით ნაკისრ ვალდებულებასთან, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი პროგრამებისა და კამპანიების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს.

სამუშაო შეხვედრები ბორჯომში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური