საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-25

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ბორჯომში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართულმა ექსპერტებმა.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ძირითადი დასკვნები, რის შემდეგაც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა მუშაობა განაგრძეს 3 ძირითადი თემატური მიმართულებით - კანონმდებლობა და პოლიტიკა, სერვისები და სტრუქტურები, პრევენცია.

სამუშაო შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჯგუფებში მუშაობას, სამოქმედო გეგმის მიზნების, ამოცანების, ღონისძიებებისა და ინდიკატორების განსაზღვრას მიეძღვნა, სადაც უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოედგინათ 3 წლის განმავლობაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები.

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ნოემბერში დაგეგმილია შიდა უწყებრივი სამუშაო შეხვედრები. დოკუმენტი საბოლოო სახით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხილვის შემდეგ დამტკიცდება.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რასაც, როგორც კანონმდებლობის, ისე - ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწის მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმული არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც ადასტურებს.

სამუშაო შეხვედრები ბორჯომში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით გაიმართა.