საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-27

"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" საქართველოს მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ინკლუზიური პროცესი დევნილ და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან კონსულტაციებით გრძელდება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფიო ჯაფარიძე და სამოქმედო გეგმაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები სამეგრელოს, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ. ახალი სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულებების წარდგენასთან ერთად, შეხვედრის მიზანი იყო დიალოგის ფორმატში კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების საჭიროებების გაზიარება. ასევე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია ჯანდაცვის, სოციალურ და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სერვისებსა და პროგრამებზე. 

სოფიო ჯაფარიძის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია კოორდინირებულად იმუშავებს, რათა ქალების საჭიროებები მაქსიმალურად აისახოს 2018-2020 წლების  სამოქმედო გეგმაში და დაგეგმილი აქტივობა აღწევდეს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობამდე, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მამუკა კვარაცხელიამ ისაუბრა სახელმწიფოს ინიციატივებზე, რომლებიც რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად და მათ შორის, ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ კოოპერატივებსა და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერ პროგრამებში.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წარმომადგენელმა, ოთარ კონჯარიამ შეხვედრის მონაწილეებს მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოგვარების მიზნით განსახორციელებელი გეგმები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 23 პროგრამაზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალ სერვისებზე.

შეხვედრა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მანდატით,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით შედგა.