საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ ტრენინგი გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-16

2017 წლის 15-16 ნოემბერს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი პატრიკ ტვომეი უძღვებოდა. ტრენინგის პირველი ეტაპი წლის ივნისში ჩატარდა. ნოემბრის ტრენინგი კი ამ პროცესის მეორე ეტაპი იყო.
სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მის მიზანს საქართველოში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებისადმი მისადაგების შესახებ უნარებისა და ცოდნის გაძლიერება წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
 ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სამართლებრივი პრინციპების მნიშვნელობას;
 საქართველოში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების დადებითი მხარეების/სისუსტეების/შესაძლებლობების/საფრთხეების ანალიზს;
 ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საჭიროებათა შეფასებას და პოლიტიკისა და პროგრამების ფორმულირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ასპექტებს;
 ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ახლად დანერგილი სახელმძღვანელო პრინციპების საქართველოს კონტექსტში გამოყენებას.
ორდღიან ტრენინგს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დარგობრივ სამინისტროთა წარმომადგენლებმა პრაქტიკულ სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა, ტრენინგის მეორე დღეს კი სხვადასხვა მიმართულებით იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზები არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან ერთად განიხილეს.
ტრენინგზე აქცენტი გაკეთდა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების, როგორც ძირითადი პრობლემის პრიორიტეტულობაზე, სხვა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და გენდერის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე. მონაწილეებმა, ასევე, წარადგინეს რეკომენდაციები საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიმდინარე აქტივობების და მონიტორინგის სისტემის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ.
საერთაშორისო ექსპერტმა, პატრიკ ტვომეიმ საქართველოში ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფისში. ის, ასევე, შეხვდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებს.
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასთვის" მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული შესაძლებლობების გაზრდას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ის, ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმების ფარგლებში, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.