საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სახელმწიფო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

2017-11-25

კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა

• 2017 წლის 5 აპრილს საქართველომ მოახდინა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციას) რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან.
• სტამბოლის კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით,საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტრის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებებს 25 საკანონმდებლო აქტში
• ცვლილებები შევიდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში, რომლითაც გაფართოვდა აღნიშნული კანონის მოქმედების სფერო, და დღეს იგი უკვე მოიცავს ოჯახის ფარგლებს გარეთ, ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასაც.
• ახალი რეგულაციებით, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელია ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში და პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის აღარაა საჭირო მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.
• სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი დანაშაულები, როგორებიცაა, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია.
• 2017 წლის ივნისში მთავრობის დადგენილებით შეიქმნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
• აღნიშნული ინსტიტუციური მექანიზმი განახორიციელებს სტამბოლის კონვენციით განსაზღვრულ მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას, ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით სახელმწიფო უწყებებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას, მათ შორის, შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციას.
• მიმდინარეობს მუშაობა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე" განახლებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, სადაც დეტალურად განისაზღვრება სამთავრობო უწყებების მიერ 3 წლის განმავლობაში (2018-2020 წლები) განსახორციელებელი ღონისძიებები;
• უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებელ უწყებათა მიერ კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას და სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის.
• შესაძლებლობების და კომპეტენციის გაზრდის მიზნით, პერიოდულად აქტიურად მიმდინარეობს რელევანტური უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკაზე;
• ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიით ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. ამასთან, გამკაცრდა პოლიტიკა - გაიზარდა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი;
• მინიმუმამდე იქნა დაყვანილი სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების (განრიდება) გამოყენების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევები.
• შემუშავდა სახელმძღვანელო - "ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობა", რომელიც დაინერგა პროკურორთა გადამზადების მოდულში.
• ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აკადემია ყოველწლიურად ახორცილებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსით;
• 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა სამართალდამცავი ორგანოებისადმი - 31 ოქტომბრის მდგომარეობით გამოცემულია 3137 შემაკავებელი ორდერი

სერვისები
• ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ფუნქციონირებს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006
→ ქართული ენის გარდა, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია დამატებით 7 უცხოურ ენაზე (ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე).
• სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (სახელმწიფო ფონდი) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებსა და სავარაუდო მსხვერპლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებებს. დღეს არსებული მდგომარეობით ხელმისაწვდომია 5 სახელმწიფო ძალადობის თავშესაფარი და 1 კრიზისული ცენტრი;
→ 2017 წლის ივლისიდან ფონდის თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრის ფარგლებში უზრუნველყოფილია მომსახურებების მიწოდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის;
→ 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 2 კრიზისული ცენტრის (დღის მომსახურებების კომპონენტი) გახსნა რეგიონებში (გორი და ქუთაისი).

• სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობა შეუძლია პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთათვის ფუნქციონირებს სახელმწიფო კრიზისული ცენტრი.
პრევენცია
• სახელმწიფო უწყებათა მხრიდან აქტიურად იმართება თემატური საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან, ასევე კამპანიები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რის შედეგადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი;

მათ შორის აღსანიშნავია:

იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანია სლოგანით „იმოქმედე", რომელიც 2017 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ინფორმირება და მათი გააქტიურება ძალადობის წინააღმდეგ;

→ კამპანიის ფარგლებში, ამოქმედდა საიტი - http://imoqmede.ge/, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს და ანონიმური წერილის ფორმის საშუალებით ძალადობის მსხვერპლსა თუ ძალადობის თვითმხილველს შესაძლებლობას აძლევს, პრობლემის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
→ სოციალური კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით უფასო ტრენინგები განხორციელდა საქართველოს მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ტრენინგები ჩაუტარდა 78 ჯგუფს, სულ 886 მონაწილეს;

o საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი "შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში," და სოციალურ კამპანია "ძალანდობას";

→ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით პროექტის ფარგლებში პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები რეგიონებში სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან;
→ პროექტის ფარგლებში დამზადდა და ფუნქციონირებს საინფორმაციო რუკები, რომელთა ნახვა შესაძლებელია შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

o საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული პროექტები - "ადგილობრივი საბჭო" და "საზოგადოებრივი პროკურატურა", რომელთა ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით 2016-2017 წლებში ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონი.
→ „ადგილობრივი საბჭოს" ფარგლებში ჩატარდა 25 შეხვედრა (748 მონაწილე);
→ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა 69 შეხვედრა;