საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფიო ჯაფარიძემ რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრები გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ, გენდერული თანასწორობის და უსაფრთხოების საკითხებზე, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, ე.წ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
პერევში, ხურჩასა და განმუხურში დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ, გენდერული თანასწორობისა და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ჯანდაცვასა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისა და შემოსავლის წყაროებთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა.

ზუგდიდსა და ქუთაისში სოფიო ჯაფარიძე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე გენდერული საბჭოების მუშაობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწის გზებზე იმსჯელეს.

როგორც სოფიო ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრებისას მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს ქმედითი ზომების განხორციელებას, როგორც ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალი 3 წლის განმავლობაში, ისე -რელევანტურ უწყებებთან თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით.

საკონსულტაციო შეხვედრები „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოსახლეობის ჩართულობას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობის გაზრდას, მათი საჭიროებების და პრიორიტეტების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ასახვასა და განხორციელებას ისახავს მიზნად. აღნიშნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც სოფიო ჯაფარიძე ხელძღვანელობს.
შეხვედრები გაეროს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით გაიმართა.