საქართველოს მთავრობა – სიახლეები

უწყებათაშორისი კომისიის კონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-05

5 დეკემბერს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მანდატის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები - მიღწევები, გამოწვევები, მიზნები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა, რეგიონული თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ სოფო ჯაფარიძემ, რომელიც უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვალობს, 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული სამუშაო მიმოიხილა და კომისიის წევრ მინისტრის მოადგილეებთან ერთად სამომავლო გეგმები გააცნო კონფერენციის მონაწილეებს. მეორე სესია დაეთმო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლების ალტერნატიული მონიტორინგის შედეგების წარდგენას. კონფერენციის ბოლოს გაიმართა ახალი სამოქმედო გეგმის ასპექტების განხილვა, მონიტორინგის შედეგებზე მსჯელობა და გაგრძელდა კონსულტაციების სერია სამოქალაქო საზოგადოებისა და პარტნიორი საერთაშირისო ორგანიზაციების ჩართულობით. "დღევანდელ ღონისძიებაზე გაჟღერებული მოსაზრებები და რეკომენდაციები ძალიან ღირებულია რეალისტური და საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში",- აღნიშნა სოფიო ჯაფარიძემ, რომელიც როგორც უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ინკლუზიურ პროცესს. ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებების საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა ისაუბრა დაგეგმილ აქტივობებზე, რაც თავდაცვის სისტემაში მრჩევლის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში გადასროლის წინა მომზადებაში მყოფ მისიაში გასაგზავნ 4000 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რეზოლუციების (№1325, 1820, 1888, 1889 და 1960) შესახებ.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, სამინისტრო მაქსიმალურად საჭიროებებზე მორგებულ მიმართულებებს დასახავს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩეველის პოზიცია რაც ხელს უწყობს გენდერული პერსპექტივების გათვალისწინებას სოციალურ და დევნილთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ პროექტებში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილემ ნინო ჯავახაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება, როგორც სამოქმედო გეგმის შემუშავების, ისე - განხორციელების პროცესში.

სოფიო ჯაფარიძის განცხადებით, სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი და კონსულტაციები ინტენსიურად გაგრძელდება პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.