საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძემ ადრეული ქორწინების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-06

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელზეც ამ საკითხზე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული პირველი თვისობრივი კვლევის შედეგები წარადგინეს.

კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარეს. კვლევა არკვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს, ნორმებს და პრაქტიკებს საქართველოში, ასევე განსაზღვრავს სარისკო და დამცავ ფაქტორებს, ძირეულ მიზეზებსა და შედეგებს.

შეხვედრაზე, კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით განსახორციელებელი რეკომენდაციები.

სოფიო ჯაფარიძემ დასახული მიზნების მისაღწევად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმართვისა და კოორდინირებულ მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება (FGM) - გენდერული ნიშნით ძალადობის გამოვლინებაა, რომელიც, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების მიხედვით, კლასიფიცირებულია, როგორც „საზიანო პრაქტიკა". პრაქტიკა ოჯახებისა და თემის მხრიდან ხორციელდება ქალებსა და გოგონებზე, როგორც მიღებული ტრადიციის თუ კულტურის ნაწილი. მას დიდი გავლენა აქვს მსხვერპლზე, იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს და ზღუდავს მის შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოახდინოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი 2015 წელს შეიქმნა, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს (ამჟამად გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია) და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ეგიდით. 2017 წელს, მისი წევრების ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის მანდატი გაფართოვდა და მოიცვა ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებაც. სამუშაო ჯგუფს კოორდინირებას უწევენ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე და გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისი (UNFPA).
სამუშაო შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ძალისხმევით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში გაიმართა.