საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ევროკომისიის დელეგაცია - საქართველო წარმოადგენს წამყვან რეფორმატორ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-28

საქართველო წარმოადგენს წამყვან რეფორმატორ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც სამაგალითოა ევროკავშირის დახმარების მიზნობრივად ათვისების კუთხით, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ განყოფილების ხელმძღვანელმა ლოურენს მერედიტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ქართული მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები, თანამშრომლობის არსებული და სამომავლო პრიორიტეტები; ასევე - იმსჯელეს ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებსა და პრიორიტეტებზე, ასევე - ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესაბამისობაზე საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკასა და სტრატეგიულ მიმართულებებთან;

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ევროკავშირის სამიზნე რეგიონების კონცეფციას; ზოგად კოორდინაციას ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე; პროგრამირებას და დონორთა კოორდინაციას; ასევე - საბიუჯეტო მხარდაჭერის პირობების მონიტორინგს, Twinning Project-ს, Taiex-ს, Sigma-ს და სხვა; მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ეფექტურობას.

შეხვედრაში ევროკომისიის სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლები, ხოლო - საქართველოს მხრიდან - მინისტრების მოადგილეები და მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.