საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-05

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. 

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა  და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პირველივე წუთიდან აკონტროლებენ მდგომარეობას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილზე სასაზღვრო ვერტმფრენით უკვე ჩაფრინდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე სტიქიის ადგილას გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

ამ დროისთვის მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.

საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა.