საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-03

_

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე 5-7 დეკემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერის თანაშემწე მოხსენებაში ისაუბრებს მოძალადეთა ქცევისა და დამოკიდებულების შეცვლაზე ორიენტირებულ საპილოტე პროგრამებზე, რომელთა განხორციელება საქართველოში რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო.

სოფო ჯაფარიძე ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის სხდომაზე სიტყვით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოვა.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ასევე აქტიურად არის ჩართული იმ თემატურ შეხვედრებსა და ღონისძიებებში, რომლებიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში საქართველოში იმართება.

ქალთა გაძლიერების თემაზე გამართულ შეხვედრაზე სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობაზე. გენდერული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ თემატურ დისკუსიაზე კი პრემიერის თანაშემწემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ კვლევაზე, რომელიც 20017 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ „საქსტატთან" პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ფარგლებში საქართველოში ჩაატარა.

სოფო ჯაფარიძემ სიტყვით მიმართა „გენდერული თანასწორობის სფეროში საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე შეკრებილ აუდიტორიასაც. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერა" ფარგლებში გაიმართა.

საჯარო ღონისძიებაზე, რომელიც პროექტის "Women, Peace, and Security: A Chance for Georgia's and Ukraine's Protracted Conflicts?" #womenps ფარგლებში გაიმართა, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის "ქალები, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებაზე, ასევე მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის დაძლევასთან მიმართებაში.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის შეხვედრაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე, რომელიც სექსუალური შევიწროების პრობლემის განხილვას და მისი პრევენციისა და დაძლევის გზებზე მსჯელობას დაეთმო; სამუშაო შეხვედრაში - ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენცია-იმპლემენტაციის ერთი წელი საქართველოში, რომელიც ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა; ასევე - რელიგიათაშორის დიალოგში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის თემაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში წარიმართა.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე 1991 წლიდან, ყოველი წლის 25 ნოემბერს აღინიშნება. 25 ნოემბერს დაიწყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება. წელს, კამპანიის ფარგლებში, გაერთიანდა 13-მდე სახელმწიფო უწყება და დაიგეგმა 30-ზე მეტი სექტორული და ერთობლივი ღონისძიება. კამპანიას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონული თვითმმართველობებიც შეუერთდნენ.


#16დღიანიკამპანია2018

#ძალადობისწინააღმდეგ

#საერთოსაქმეა

#სახელმწიფოზრუნავს

#დავძლიოთძალადობა