საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-04

.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ვაქცინაციის გაფართოების საკითხი, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

„ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება.

"ამასთანავე, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

ინფიცირების შემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, იზრდება, მოგეხსენებათ, თუმცა, სისტემა მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, სწორად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებისკენ იყო მიმართული.

..  ...  ....

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური