საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №287

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) N21 დანართით გათვალისწინებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ვაუჩერის ნაცვლად ერთჯერადი ღონისძიების სახით გაიცეს ფულადი სოციალური დახმარება, ოჯახზე - 20 ლარის ოდენობით.";

ბ) განკარგულების მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1" ქვეპუნქტი:

„ა1) N21 დანართის შესაბამისად დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახებისათვის 20 ლარის გაცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ამასთან, ამ ღონისძიების განხორციელებისათვის გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სოციალური გასაცემლების თაობაზე შესაბამის საბანკო დაწესებულებასთან უკვე არსებული კონტრაქტი;";

გ) განკარგულების მე-4 პუნქტის „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2011 წლის 11 თებერვლამდე N2 დანართით განსაზღვრულ ვაუჩერის მოსარგებლეებზე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ აქტიურ მომხმარებელზე _ 20 ლარი) გადარიცხვა, ხოლო N21 დანართით განსაზღვრულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახებზე სათანადო თანხების (ერთ ოჯახზე - 20 ლარი) - 2011 წლის 1 მარტამდე გადარიცხვა. ამავდროულად, სოციალური დახმარების მიმღებად განისაზღვროს N21 დანართით განსაზღვრულ ოჯახში უხუცესი წევრი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ემთხვევა უხუცესი წევრების დაბადების თარიღი - მიმღებად განისაზღვროს რიგით პირველივე უხუცესი წევრი.";

დ) განკარგულების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1" ქვეპუნქტი:
„ბ1) 36,750 კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების სია N21 დანართის შესაბამისად;";

ე) განკარგულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ორგანიზაციული კოდის _ „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა" არა უმეტეს 20 060 000 (ოცი მილიონ სამოცი ათასი) ლარით შემცირების ხარჯზე, ამავე თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაციული კოდი _ „მოსახლეობის ელექტროენერგიის სუბსიდიით უზრუნველყოფა".


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური