საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №483-2

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2011 წლის 24 თებერვლის
N483 განკარგულებით
დანართი N2

ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და
ანაზღაურების წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუშაკი - სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დელეგირებული სათანადო უფლებამოვალეობებით აღჭურვილი ფიზიკური პირი, მოსარგებლეთათვის ვაუჩერის გადაცემის ფუნქციით. ცალკეულ შემთხვევებში მუშაკი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამ კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე);
ბ) პერსონალური რეესტრი (N3 დანართი) - ამ განკარგულებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება ვაუჩერის მოსარგებლისათვის გადაცემის ფაქტი.

მუხლი 2. ვაუჩერი და მოსარგებლეთა პერსონალური რეესტრები

1. სააგენტო უზრუნველყოფს პერსონიფიცირებული (ვაუჩერის ნომერი და მისამართი) ვაუჩერის ფორმების სტამბური წესით ბეჭდვას.
2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძღვანელობს „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ვაუჩერით მოსარგებლეთა (მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა) ელექტრონული სიით.
3. დარიგებისათვის მომზადებული ვაუჩერები შესაბამისი პერსონალური რეესტრების თანხლებით გადაეცემა მუშაკს, არსებული წესით.
4. სააგენტო უზრუნველყოფს ვაუჩერით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობისათვის.

მუხლი 3. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის

1. მოსარგებლეს ვაუჩერს გადასცემს მუშაკი პერსონალური რეესტრის შესაბამისად, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით.
2. ვაუჩერი შეიძლება გადაეცეს პერსონალური რეესტრით (ან ვაუჩერით) გათვალისწინებულ მისამართზე მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად).
3. პერსონალური რეესტრის (N3 დანართი):
ა) I, II, IIIდა IV გრაფები შევსებული სახით გადაეცემა მუშაკს;
ბ)V და VI გრაფებს მუშაკი ავსებს ვაუჩერის მოსარგებლის მისამართზე ვიზიტის დროს. ამ გრაფებში შეიტანება იმ ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც მუშაკის მიერ იდენტიფიცირებულია პერსონალური რეესტრით გათვალისწინებულ მისამართზე და რომელმაც ოჯახის სახელით ჩაიბარა ვაუჩერი. გრაფებში შეიტანება ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი) გათვალისწინებული მონაცემები. ვაუჩერი არ გაიცემა, თუ არ მოხდა ამ გრაფების შევსება;
გ) VII გრაფაში მუშაკის მიერ შეტანილი უნდა იქნეს აბონენტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ნებისმიერი ხელმისაწვდომი ტელეფონი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) VIII გრაფას: „შენიშვნა" - მუშაკი ავსებს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს განსაკუთრებულ შემთხვევას ვაუჩერის გადაცემის დროს, რაც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის ვაუჩერის გადაცემას;
ე) IX გრაფაში: „შედეგი" - აღინიშნება ვაუჩერის მოსარგებლისათვის გადაცემის ან არგადაცემის მიზეზის შესაბამისი სტანდარტული კოდი, რომელიც შეესაბამება საბოლოო შედეგს. შედეგის სათანადო კოდები მითითებულია პერსონალური რეესტრის ყოველ ფურცელზე;
ვ) X გრაფაში ფიქსირდება V და VI გრაფებში მითითებული, ოჯახის სახელით ვაუჩერის მიმღები პირის ხელმოწერა, რითაც დასტურდება ვაუჩერის ჩაბარების ფაქტი.
4. პერსონალური რეესტრის III და V გრაფებით გათვალისწინებული მონაცემები შესაძლებელია განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.
5. პერსონალური რეესტრის ფურცელზე დაშვებული და გასწორებული შეცდომა მოწმდება მუშაკის მიერ შენიშვნის გრაფაში ჩაწერილი სიტყვით _ „შევასწორე".

 

მუხლი 4. მოსარგებლისათვის ვაუჩერის დარიგება

1. მუშაკი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პერსონალური რეესტრით გათვალისწინებულ მოსარ-გებ¬ლეებს დაურიგოს ვაუჩერები. 15 კალენდარული დღის გან-მავლობაში განახორციელოს მინიმუმ 3 ვიზიტი იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ გადასცა მოსარგებლეს ვაუჩერი პირველი ორი ვიზიტის დროს.
2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად მუშაკი, მიღებაჩაბარების აქტის საფუძველზე, სააგენტოსაგან იღებს მასზე გაპიროვნებულ ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალურ რეესტრს მოსარგებლეთა მონაცემებით.
3. მუშაკი პერსონალურ რეესტრში მითითებული მისამართის მიხედვით საცხოვრებელ ფართზე აკითხავს მოსარგებლეს.
4. ვაუჩერი უნდა გადაეცეს უშუალოდ მოსარგებლის მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). იდენტიფიკაციის შემდეგ მუშაკის მიერ ხორციელდება პერსონალური რეესტრის შესაბამისი გრაფების შევსება, მკაფიო, გასაგები ხელწერით.
5. მუშაკი აცნობს და უხსნის მოსარგებლეს ვაუჩერით სარგებლობის პირობებს, განუმარტავს უფლებებსა და ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის გაჩუქების პირობებს.
6. ვაუჩერისა და შესაბამისი განმარტებების მიღების ფაქტი დასტურდება მოსარგებლის ხელმოწერით რეესტრის გრაფაში - „ვაუჩერის მიღების დადასტურება.
7. მუშაკი ვალდებულია ზუსტად, დანიშნულებისამებრ მიიტანოს ვაუჩერი და დაამისამართოს იგი პერსონალური რეესტრის მიხედვით. არამართლზომიერ მოქმედებაში მუშაკის მონაწილეობა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.

მუხლი 5. ვაუჩერის დაფინანსება (განაღდება)

1. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მისაღებად ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი ვალდებულია მიმართოს ვაუჩერის განაღდების მონაწილე შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი).
2. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე კუთვნილ ვაუჩერს საჩუქრად გადასცემს სხვა ფიზიკურ პირს, აუცილებელია ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქნეს მითითებული დასაჩუქრებული პირის და მჩუქებლის (ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი) სახელი, გვარი და პირადი ნომერი და მჩუქებლის ხელმოწერა. ეს მონაცემები ვაუჩერში შეტანილი უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან.
3. ვაუჩერის გასანაღდებლად შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს უნდა მიმართოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა პირმა და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი).
4. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების მიზნით ვაუჩერის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს მიმართოს 2011 წლის 1 ივლისამდე.
5. საბანკო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ვაუჩერის წარმდგენ პირთა იდენტიფიცირება, მათი აღრიცხვა და ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის - 30 ლარის გაცემა.
6. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:
ა) აღრიცხოს ვაუჩერის წარმდგენი პირები, მათი სახელის, გვარის, პირადი და ვაუჩერის ნომრების მიხედვით;
ბ) ერთმანეთისაგან გამიჯნოს ვაუჩერის წარმდგენი დასაჩუქრებული და ვაუჩერის უშუალოდ მიმღები პირები;
გ) შეთანხმებული პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სააგენტოს ინფორმაცია დაფინანსებული ვაუჩერებისა და ავანსად მიღებული თანხის ხარჯვის (გაცემის) თაობაზე.
7. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის დაფინანსების საფუძველია საბანკო დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი განაღდებული ვაუჩერების რეესტრები.

მუხლი 6. შეზღუდვები

1. თითოეულ ფიზიკურ პირს აქვს მხოლოდ ერთი ვაუჩერის განაღდების უფლება, გარდა საჩუქრად მიღებული ვაუჩერის განაღდების შემთხვევისა.
2. თითოეულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ მოახდინოს ვაუჩერის სხვა პირისათვის საჩუქრად გადაცემა.
3. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის მიერ ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების (ვაუჩერის განაღდება) შემდეგ ვაუჩერის გაჩუქება, ან ვაუჩერის გაჩუქების შემთხვევაში ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მისაღებად საბანკო დაწესებულებისათვის მიმართვა.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა

1. ვაუჩერის მოსარგებლის (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მიმღების) გარდა სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მუშაკს.
2. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტებზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ვაუჩერის მფლობელ (მოსარგებლე) პირს.