საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა2011 წლის 12 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. გასულ კვირას საქართველომ ახალი 10 წლიანი ევრობონდი გამოუშვა. ტრანზაქცია დღეს სრულდება, მაგრამ ყველა მოქმედება გასული კვირის განმავლობაში ჩატარდა. საზოგადოებას და ჟურნალისტებს ამ ტრანზაქციის მნიშვნელობა მინდა ავუხსნა, რას მოუტანს ის ქვეყანას უახლოესი წლების განმავლობაში.

ევრობონდის გამოშვებასთან დაკავშირებით სამი ძირითადი ასპექტი უნდა გამოიყოს. პირველ რიგში - ვალის ნაწილი. 2013 წელს საქართველოს საკმაოდ დიდი ვალი ქონდა გასასტუმრებელი. ერთი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მეორე - ევრობონდის 500 მლნ დოლარი. ეს ვალი თითქმის მთლიანად გასტუმრებულია, საქართველოს 2021 წლამდე ვალის პრობლემა აღარ გააჩნია. საქართველომ ევრობონდი გამოუშვა და ამავდროულად გამოისყიდა ის დავალიანება, რაც 2013 წელს ქონდა გადასახდელი. შესაბამისად, ვალის პრობლემა საქართველოს 2021 წლამდე საერთოდ მოეხსნა.

2021 წლისთვის ქვეყანა ამ დავალიანების ახალ რესტრუქტურიზაციის გაკეთებას ან გადახდას თავისუფლად შესძლებს, ეს პრობლემა საქართველოს არ ექნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთი. ყოველწლიურად 500 მლნ დოლარზე 7,5%-ს ვიხდიდით, ეს 500 მლნ დოლარი 2013 წელს იყო გადასახდელი. ახლა 500 მლნ გადასახდელი გვაქვს 2021 წელს და ყოველწლიურად გადავიხდით საპროცენტო განაკვეთს მხოლოდ 6,9%-ს. ანუ უფრო ნაკლებს, ვიდრე აქამდე.

აღსანიშნავია, როდესაც ქვეყანა უფრო გრძელვადიან ვალს იღებს, ვიდრე აქამდე ქონდა, საპროცენტო განაკვეთი იზრდება. ჩვენს შემთხვევაში კი, პირიქით, შემცირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ბოლო წლების განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია. საინვესტიციო ბანკირები ამას აღიარებენ.

ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებული მეორე მნიშნელოვანი ფაქტორია ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობა. 2008 წელს 5 წლით 500 მლნ ევრობონდი 7,5%-ში გამოვუშვით. 2008 წელს მსოფლიოში ეკონომიკური ბუმი იყო, ძალიან დიდი საინვესტიციო თანხები განვითარებად ქვეყნებისკენ მოდიოდა. საქართველოს ეკონომიკის 12%-იანი ზრდა იყო. მსოფლიოში ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოების თვალსაზრისით 2011 წელს არ არის მარტივი სიტუაცია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა
ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან დაპირისპირება, შიდაპოლიტიკური პრობლემები, მსოფლიო ფინანსური კრიზისი გამოიარა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო საინვესტიციო გარემო, მსოფლიო ბანკირები, მსოფლიოს ფინანსისტები უფრო გრძელ პერიოდზე, უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთით ენდნენ ქვეყანას. ეს აღნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის ჯანსაღი, ძალიან სტაბილური და მსოფლიო ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას ენდობიან. ენდობიან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყანას ჩვენს რეგიონში. რამოდენიმე ქვეყანამ: უკრაინამ, მონტენეგრომ და რამოდენიმე სხვა ქვეყანამ წელს 10 წლიანი ევრობონდი გამოუშვა, მაგრამ საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვენი.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრანზაქცია მაშინ გავაკეთეთ, როდესაც პორტუგალიას აძლევდნენ სესხს 10-12%-ში, საბერძნეთს 10-11%-ში, ირლანდიას 11-12%-ში. ევროკავშირის ქვეყნებთან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან შედარებითდღეს მსოფლიოს საფინანსო ბაზრეზბე საქართველოს უფრო დიდი ნდობა აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია კერძო სექტორისთვის ახალი ბაზრების გახსნა. აქამდე კერძო სექტორს: ბანკებს ან სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე წასვლის და უფრო იაფიანი გრძელვადიანი ფულის ჩამოტანის გარკვეული შეზღუდვა ქონდა. ამ ტრანზაქციის შემდეგ ქართულ ბანკებს, ქართულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მსხვილ კომპანიებს თავისუფლად შეეძლებათ წავიდნენ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე და უფრო იაფიანი და უფრო გრძელვადიანი ფული შემოიტანონ ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო შეუწყონ ხელი. უფრო შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები და გაიზარდოს ქვეუნის ეკონომიკური აქტივობა.

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ძალიან კარგი, სანდო პარტნიორი მსოფლიო ინვესტორებისთვის, მას და მის ეკონომიკას ენდობიან, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო დიდი კერძო და პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდას და უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. საბოლოო მიზანი ეს არის."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური