საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 22 თებერვლის მთავრობის სხდომა

2011 წლის 22 თებერვლის მთავრობის სხდომა 2011 წლის 22 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 66 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციაზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ. სანამ მთავრობის სხდომას დავიწყებთ, საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მინდა მივაწოდო.
ამ პერიოდის განმავლობაში როგორც პრეზიდენტთან, ასევე სხვადასხვა მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან კონსულტაციები გავიარეთ. ის ვარიანტი, რომელიც ახლა პარლამენტში შესულია, შეჯერებულია ყველასთან.
რეორგანიზაცია მდგომარეობს შემდეგში: გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების აღწერის და ლიცენზირების ნაწილი გამოეყოფა. გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება გარემოს დაცვის სამინისტროდ. პირიქით, მას უფრო მკაცრი კონტროლის ფუნქცია ექნება, რადგანაც გარემოს დაცვით საკითხებზე იქნება კონცენტრირებული და ფოკუსირებული. მას ბუნებრივი რესურსების გაყიდვის, ლიცენზირების საკითხები აღარ ექნება. შესაბამისად, ეს სამინისტრო უფრო მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი იქნება.
ბუნებრივ რესურსებს რაც შეეხება, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, სადაც ბუნებრივი რესურსების ლიცენზირება, მათი გაყიდვა, აუქციონების ჩატარება და ენერგეტიკული საკითხები ერთად მოიყრის თავს. იქნება ქვეყანაში ყველა ბუნებრივი რესურსის განმკარგავი, პოლიტიკის გამტარებელი უწყება.

გარემოს დაცვის სამინისტროს გამოეყოფა კიდევ ორი უწყება. ერთი - ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც შეუერთდება რამაზ ნიკოლაიშვილის სამინისტროს. საგზაო დეპარტამენტთან ერთად ეს უწყება ნაპირსამაგრი სამუშაოებს ჩაატარებს.
რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, რომელიც იყო გარემოს დაცვის სამინისტროში. სხვა სამინისტროს ნაწილი გახდება, ამ შემთხვევაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

ეს არის ის ფორმულა, რომელიც ჩვენ შევაჯერეთ ყველასთან, ეს არის ის ფორმულა, რომლეიც ბევრად უფრო ეფექტურად იმოქმედებს და უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის. სამინისტროების მიერ უფრო მარტივად გატარდება პოლიტიკა ამ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ბუნებრივი რესურსების, ასევე გარემოს დაცვის მიმართუელბით."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური