საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 16 მარტის მთავრობის სხდომა

2011 წლის 16 მარტის მთავრობის სხდომა 2011 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 33 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე ორი საკითხის შესახებ მინდა მოგახსენოთ. ეს ის საკითხებია, რომელიც დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგშია და საზოგადოებას დააინტერესებს. ვგულისხმობ განათლების სფეროსთან დაკავშრებულ საკითხებს. მოგეხსენებათ, განათლების სფეროს რეფორმირება ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეს განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც უნივერსიტეტის მოწყობას ეხება. ბევრი შეხვედრის შემდეგ ჩამოვყალიბდით, თუ რა ძირითადი პრობლემებია ამ მიმართულებით. ის საკითხები, რომლებზეც დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ უნივერსიტეტის მართვას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის და ბევრად უფრო დიდ ავტონომიას მიანიჭებს უნივერსიტეტებს.

ამ საკითხით მთავრობის და უნივერსიტეტების რეგულაციაში და ურთიერთობაში ცვლილებები შეგვაქვს, რომლის მიხედვითაც მათ განკარგვაში ქონება გადაეცემათ, მიენიჭებათ უფრო დიდი ავტონომია. სხვა მცირე ცვლილებებიც შევა, რის შესახებაც მინდა დიმამ (შაშკინმა) მოგვიანებით ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე დღევანდელ დღის წესრიგშია არის აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირება. ჩამოყალიბდა აგრარული განათლების და მეცნიერების ფონდი. ეს არის კერძო ფონდი, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვექნება. ამ კერძო ფონდიდან მემორანდუმის მიხედვით საქართველოში განხორციელდება საკმაოდ დიდი ინვესტიციები აგრარულ უნივერსიტეტის მიმართულებით და აგრარული სწავლების მიმართულებით. . .

მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ჩვენი პირველი პრიორიტეტია, წელს განსაკუთრებით. სოფლის მეურნეობის პრობლემატიკა რომ გავიარეთ, ერთერთი მთავარი პრობლემა განათლების სფერო აღმოჩნდა, აგრარული მიმართულებით და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გვინდა გადავდგათ აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირების ნაწილში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური