საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 31 მარტის მთავრობის სხდომა

2011 წლის 31 მარტის მთავრობის სხდომა 2011 წლის 31 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 78 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საზოგადოებას საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომას დაწყებამდე, საზოგადოებას საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არის სამი ძირითადი საკრედიტო სააგენტო: Fitch-ი, Moody's-ი და Standard & Poor's-ი. საქართველოს სამივე ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს, სამივე კომპანია წელიწადში 1-2-ჯერქვეყნის ეკონომიკას აფასებს.

რამოდენიმე კვირის წინ Standard & Poor's-ის წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ და ქვეყნის ეკონომიკა გამოიკვლიეს. ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დადებითად შეაფასეს. მათი პროგნოზია - ეკონომიკის ძალიან მაღალი ზრდა. სამთავრობო პროგრამა ძალიან დადებითად შეაფასეს და საქართველოს საკრედიტო რეიტინგი B+ სტაბილურიდან B+ პოზიტივზე გაუზარდეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმ ფონზე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში და ევროპაში, როდესაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში Standard & Poor's-მა 5 ევროპულ ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავს საქართველოში და უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყანაში.

ამ საკრედიტო რეიტინგის ზრდა ასევე მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებისაც ურთიერთობები აქვთ უცხოელ ინვესტორებთან, რომლებსაც თანხები ან ინვესტიციები, ან საკრედიტო რესურსი მოაქვთ უცხოური კომპანიებიდან. ყოველი ასეთი ზრდა შეესაბამება იმას, რომ ქართულ კომპანიას უფრო იაფად შეუძლია წამოიღოს უცხოეთიდან ფული, უფრო იაფად შეუძია წამოიღოს კრედიტი, უფრო იაფად შეუძლია წამოიღოს ინვესტიცია. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და იმედი მაქვს, რომ საკრედიტო რეიტინგების ზრდა საქართველოში გაგრძელდება მომავალშიც."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური