საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 27 ივნისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 27 ივნისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 27 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 31 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით.მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საზოგადოებას რამოდენიმე ინფორმაცია მინდა მივაწოდო.

პირველი ეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. პირველი კვარტლის მონაცემები და მეორე კვარტლის ექსპორტის მონაცემები უკვე გვაქვს. ეს საკმაოდ დამაიმედებელი და ძალიან პოზიტიური ეკონომიკური ციფრებია. მინდა აღვნიშნო პირდაპირი ინვესტიციების ციფრი ე.წ. FDI (Foreign Direct Investment), პირველ კვარტალში 172-173 მლნ დოლარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთნ შედარებით 2,3-ჯერ უფრო მაღალია. ეს ეკონომიკური აქტივობის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ძალიან პოზიტიური ციფრია.

მაისის თვის ექსპორტს რაც შეეხება, დაფიქსირდა 199 მლნ დოლარი. საქართველოსთვის ეს რეკორდულად მაღალი ციფრია. არც ერთ კონკრეტულ ერთ თვეში საქართველოს ამხელა ექსპორტი არ უწარმოებია, როგორც ეს ამა წლის მაისის თვეში. ეს ასევე დამაიმედებელია და იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა კიდევ უფრო წინ მიდის.

მიმდინარე საკითხებს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რეაბილიტაცია. დასრულებულია და გუშინ გაიხსნა. აბსოლუტურად ყველას, ვინც იქ მუშაობდა ამ დღეების განმავლობაში, მადლობა მინდა გადავუხადო . მართლაც თვდადებულად, თავდაუზოგადავ იმუშავეს. რამოდენიმე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი, რა თქმა უნდა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იყვნენ იქ. ის სამუშაო, რომელიც 2-3 კვირაში უნდა გაკეთებულიყო, დასრულდა 1 კვირაში და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში - რამაზს.

რამაზ, სრულად აღდგენილია ყველაფერი?"

რამაზ ნიკოლაიშვილი: „უნდა გითხრათ, რომ გუშინ 7 საათზე ეს გზა მთლიანად დაიტვირთა. მოძრაობა უპრობლემოდ შეიძლება ორივე მიმართულებით. სამუშაოების ნაწილი გაგრძელდება, თუმცა მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს. მინდა გითხრათ, რომ მდინარის ხეობას თავიდან ბოლომდე ვაწესრიგებთ, რათა ანალოგიური არ განმეორდეს. ასევე კრიტიკულ ადგილებში გამაგრებებს ვაგრძელებთ. პრევენციის მიზნით გეოლოგებს ვთხოვეთ ვითარების შესწავლა."
ნიკა გილაური: „ბოლოს, საზოგადოების ყურადღება მინდა მივაქციო განათლების სამინისტროს ერთერთ საკითხს, რომელიც ღარიბი ოჯახების ბავშვებისათვის წიგნების უფასო დარიგებას ეხება. ადრე გვქონდა ასეთი სტილის პროგრამა, ახლა ეს პროგრამა კიდევ უფრო გავაძლიერეთ. დიმა, ორიოდე სიტყვით აუხსენი საზოგადოებას ამ პროგრამის შინაარსი."

დიმიტრი შაშკინი: „ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვი საქართველოს მთავრობისგან 15 სექტემბერს სკოლაში უფასოდ მიიღებს სახელმძღვანელოებს. დაახლოებით 8 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ვიყიდით 800 ათას წიგნს. 1-დან მე-6 კლაისის ჩათვლით წიგნებს მიიღებს ყველა ბავშვი, რომლის ქულა არის 70 ათასზე ნაკლები, ხოლო მე-7 მე-12 - 57 ათას ქულაზე ნაკლები. ამით მივაღწევთ იმას, რომ მიუხედავად იმისა თუ რა შემოსავალი აქვს ამ ბავშვების მშობლებს, ყველას ექნება შესაძლებლობა მიიღოს მაღალი დონის განათლება."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური