საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 14 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 14 სექტემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 14 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 81 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს სახელმწიფო კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავზებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"საქართველოს სახელმწიფო კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კომენტარი გაკეთდა, ბევრი კითხვა დაისვა.

მთავრობის მოსაზრება კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. საქართველო მთავრობა არც ახლა და არც მომავალში არ აპირებს ამ კომპანიოების საკონტროლო პაკეტების გასხვისებას.

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ბირჟებზე სტრატეგიული კომპანიების მინორიტარული პაკეტები 20, 25, 30%-ის განთავსება. არცერთ შემთხვევაში 49%-ზე მეტი არ განთავსდება.

საქართველოს სახელმწიფო მფლობელობაში ამ კომპანიების 51%-ი ან მეტი დარჩება. საქართველოს სახელმწიფოს ამ კომპანიების მენეჯმენტი და მთავარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება და უფლება დარჩება.

ჩვენი მიზანია ამ ტრანზაქციებით საქართველოში დამატებით ასობით მილიონობით დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს.

თუ ყველა ტრანზაქცია უახლოეს თვეების განმავლობაში შესრულდება, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვა. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და დამატებითი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს.
საუბარია დამატებით ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არის ჩვენი მიზანი.

ეს არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ყველა განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყანამ განვლო. თითქმის ყველა ქვეყნის ასეთივე სტრატეგიული აქტივების მინორიტარული პაკეტები განთავსებულია საერთაშორისო ბირჟებზე.

ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას ვადევნებთ თვალყურს. რა თქმა უნდა, ახლა არ არის სახარბიელო მდგომარეობა. თარიღებს არ ვაცხადებთ და საუკეთესო მომენტის დროს განვათავსებთ პაკეთებს საერთაშორისო ბირჟებზე.

გადაწყვეტილებაში გვეხმარებიან დაქირავებული საუკეთესო საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები. ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ფასიანი ქაღალდების გამოშვების.

საერთაშორისო ექსპერტების აზრით წლევანდელი წლის ერთერთი საუკეთესო ტრანზაქცია მსოფლიო ბირჟებზე იყო საქართველოს ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის ბირჟაზე.

ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით ასობით მილიონ დოლარის ინვესტიციას შემოვიტანთ ქვეყანაში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური