საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 21 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 21 ოქტომბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. განიხილა 72 საკითხი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მთავრობის 10 პუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მინდა მივესალმო მთავრობის ახალ წევრს, ზაზას - ჩვენი გუნდის საკმაოდ გამოცდილ წევრს. როგორც მთავრობის წევრი დღეს აქ პირველად არის. მან საკმაოდ რთული პორტფელი და საკმაოდ რთული სამინისტრო ჩაიბარა. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი სოფლის მეურნეობაში. დღევანდელი მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ წარმატება მინდა ვუსურვო მას ამ საკმაოდ რთულ პოზიციაზე.

კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. ეს არის 10 პუნქტიან სტრატეგიული განვითარების გეგმა. წლის დასაწყისში იყო ამ გეგმის პრეზენტაცია. დეტალურად გაწერილია 2011-2015 წლების სამოქმედო გეგმა - რომელი მიმართულებით რას ვაკეთებთ. ეს ეხება ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, განათლებას.

(გეგმა) ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკის დოკუმენტია, რომელიც განახლებას საჭიროებს ყოველ 6 თვეში, რათა ვნახოთ რა გაკეთდა, რისი გაკეთება არის საჭირო უახლოეს პერიოდში.

მთელი მთავრობა 1-1,5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ 10 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმის განახლებაზე. განახლებული ვარიანტი უკვე დასრულებულია. მინისტრებს მინდა ვთხოვო დაიწყონ ამ გეგმის პრეზენტაცია.
ჯანდაცვის მინისტრს მინდა ვთხოვო უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეკრიბოს ექიმები, ჯანდაცვის სექტორის წამყვანი სპეციალისტები და ერთად გავაკეთოთ ამ 10 პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია ჯანდაცვის სფეროში.

ფინანსთა მინისტრმა შეკრიბოს ბიზნესმენები, კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამ 10 პუნქტიანი გეგმის ნაწილია მაკროეკონომიკური პარამეტრები, ფინანსური სექტორი, ინფრასტრუქტურის სექტორი, რაც აუცილებლად დააინტერესებს კერძო სექტორს.
რამაზ, მინდა შენც გააკეთო, იმიტომ რომ საგზაო, წყალი ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველა მინისტრმა უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში გავაკეთოთ ამ 10 პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, პარლამენტის წევრებთან. ყოველ 6 თვეში ერთხელ შევეცადოთ ამ 10 პუნქტიანი გეგმის განახლებული ვარიანტი წარვუდგინოთ საზოგადოებას.

დარწმუნებული ვარ, რომ იქნება შენიშვნები, ახალი აზრები. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიცოდეთ, რა არის გასაკეთებელი უახლოესი პერიოდის განმავლობაში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური