საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის18 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის18 ნოემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 107 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკური აქტივობის მონაცემების შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ გასული თვის ეკონომიკური აქტივობის მონაცემები. ეკონომიკური აქტივობის 10 თვის წინასწარი მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. ჯამში მთლიანი შიდა პროდუქტის 10 თვის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 6,5%-ს შეადგენს, რაც 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ამას ველოდებოდით წლის დასაწყისში და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელოდებოდა.

როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტში საწყისი პარამეტრი 5,5%-ის ოდემობით გვქონდა ჩადებული, შემდეგ მოხდა ამ პარამეტრის გადახედვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად შევთანხმდით, რომ მინიმალური ზრდა 2011 წელს 6%-ი იქნებოდა. ახლა ეს პარამეტრი კიდევ იზრდება. ოფიციალურად ვტოვებთ 6%-იანი ზრდის მაჩვენებელს, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ საქართველოში 2011 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეამცირა თავისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, როდესაც ფინანსური ბაზრები ჩამოშლის პირას დგანან.

წლევანდელი წლის განმავლობაში ვაპირებდით მინორიტარული აქციების გატანას საერთაშორისო ბირჟებზე, თუმცა საერთაშორისო ბირჟების ძალიან ცუდი მდგომარეობის გამო, ამას წელს აღარ გავაკეთებთ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური