საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 23 მარტის მთავრობის სხდომა

2012 წლის 23 მარტის მთავრობის სხდომა2012 წლის 23 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 57 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, ორიოდე სიტყვით საზოგადოებას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ჩვენი ახალი პროგრამის, პროფგანათლების ვაუჩერიზაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროგრამა რამოდენიმე დღის წინ დაიწყო. პირველ ეტაპზე განსაზღვრულია მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის. მათ შეუძლიათ მივიდნენ სპეციალურ გადამზადების ცენტრებში და აიღონ ეს 1000 ლარიანი ვაუჩერი, მიიტანონ ნებისმიერ პროფსასწავლებელში და ახალი პროფესია შეიძინონ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ცენტრები ჯერჯერობით სამ ქალაქშია გახსნილი: თბილისში, ქუთაისში და ქობულეთში. ამას დაემატება თელავში, ახალციხეში. მოქალაქეს ნებისმიერ ადგილას შეეძლება მისვლა და ამ ვაუჩერის აღება.

პირველი ეტაპი მთავრდება 5 აპრილს, 5 აპრილიდან ყველა ჩვენ თანამოქალაქეს შეეძლება იგივე ვაუჩერის აღება და გამოყენება ნებისმიერ პროფსასწავლებელში.
მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულია 1000 ადამიანი, გაცემულია 1000 ვაუჩერი. ძირითადად, მოთხოვნა არის 4 პროფესიაზე: მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ეს არის 4 მიმართულება, სადაც მოთხოვნა არის მოსახლეობისგან ამ პროფესიების გადამზადებაზე.

გარდა ამისა, ჩავრთეთ კერძო სექტორი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ამ ადამიანებმა ახალი პროფესია შეიძინონ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა გადამზადების კურსის შემდეგ იპოვონ სამსახური.

შესაბამისად, ჩვენ ჩართული გვყავს კერძო სექტორი და ასევე, ვაქვეყნებთ იმ ვაკანსიებს, რაც კერძო სექტორში არსებობს, იმ მოთხოვნებს, რაც კერძო სექტორს გააჩნია, თუ რომელი პროფესია აინტერესებს სწორედ კერძო სექტორს, რომ შემდეგ მოხდეს ამ ადამიანების დასაქმება.

მეორე ეტაპი, როგორც უკვე გითხარით, 5 აპრილს დაიწყება. ნებისმიერ ჩვენ თანამოქალაქეს შეეძლება ამ ვაუჩერის აღება. სოციალურად დაუცველთათვის ეს არის 100%-იანი დაფინანსება, დანარჩენი მოსახლეობისთვის - 70%-იანი დაფინანსება, 30% თვითონ უნდა გადაიხადონ. თუ ამ 30%-ის გადახდა არ უნდათ, მაშინ მათ უნდა ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა. თუ გამოცდას კარგად ჩააბარებენ, მათთვისაც 100%-იანი დაფინანსება იქნება. გამოცდები ჩატარდება 25 აპრილს, ხოლო სწავლა ყველა ამ მიმართულებით დაიწყება 1 მაისს. ეს იქნება პირველი ნაკადი, ხოლო მეორე ნაკადი უკვე წლის მეორე ნახევარში მიიღებს მონაწილეობას ამ პროგრამაში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური