საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 12 აპრილის მთავრობის სხდომა

2012 წლის 12 აპრილის მთავრობის სხდომა2011 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 68 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჯანდაცვის სფეროს სიახლეების და ლონდონის ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ ისაუბრა.
გთვაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. დღევანდელი საკითხებიდან ორს გამოვყოფ თავისი მნიშვნელობით. ეს საკითხები საზოგადოებას, მინისტრებს განსაკუთრებით დააინტერესებს. პირველი ჯანდაცვის თამაშის წესების დოკუმენტია, რომლის პრეზენტაციასაც ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის სხდომაზე გააკეთებს. საუბარია ძალიან კონკრეტულ რეგულაციაზე, რომელიც ყველას გვინდა შევთავაზოთ. ვგულისხმობთ სამედიცინოს დაზღვევის სექტორს, საავადმყოფოებს და პაციენტებს. ხშირ შემთხვევაში გვხვდება სხვადასხვა ტიპის რეგულაცია, სხვადასხვა ტიპის კონტრაქტებია დადებული სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის, რაც გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის პაციენტსა და ხშირ შემთხვევაში. პაციენტი ყველაზე დაუცველია ამ ურთიერთობებში. გვინდა შემოვიტანოთ ახალი დოკუმენტი, ახალი რეგულაცია, რომელიც იქნება მარეგულირებელი ამ ურთიერთობების და რომელიც ძალიან კონკრეტულად განსაზღვრავს, რა ვალდებულებები აქვს სადაზღვევო კომპანიას, რა ვალდებულებები აქვს საავადმყოფოებს, კლინიკებს, რა ვალდებულებები აქვთ ექიმებს და როდის შეიძლება პაციენტის უფლებები იყოს დარღვეული და როდის შეიძლება ეს უფლებები იყოს, პირიქით, დაცული ამ დოკუმენტის საშუალებით.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდების განთავსება ლონდონის ბირჟაზე. ამაზე შარშან ვლაპარაკობდით, მაგრამ საფინანსო ბაზრები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო გასულ წელს. მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია. ვაგრძელებთ კონსულტაციებს Goldman Sachs--თან, City-სთან, JP Morgan-თან, იმ ბანკებთან, რომლებთანაც კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ განვიხილავთ ლონდონის ბირჟაზე ევრო ბონდების გამოშვების ან რკინიგზის, გაზის კორპორაციის და სხვა მსხვილი სახელმწიფო კომპანიების მინორიტარულ პაკეტის გაყიდვის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია მხოლოდ მინორიტარული პაკეტის გაყიდვაზე. არცერთი ამ კომპანიის მენეჯმენტს არ გადავცემთ სხვას, პირიქით, ეს მენეჯმენტი დარჩება სახელმწიფოში და აქციათა უმრავლესობაც დარჩება სახელმწიფო მფლობელობაში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური