საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 24 აპრილის მთავრობის სხდომა

2012 წლის 24 აპრილის მთავრობის სხდომა2012 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 111 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პირველი კვარტლის მონაცემებზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე მინისტრებს და საზოგადოებას პირველი კვარტლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო. საბოლოო ციფრები ჯერ არ გვაქვს. მიმდინარეობს შედეგების ანალიზი, მაგრამ წინასწარი მონაცემების მიხედვით, პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელთან შედარებით 6% იყო. ეს საკმაოდ კარგი და მაღალი ციფრია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ პრობლემებს.
ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს 5%-იანი ზრდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თებერვალი საკმაოდ მძიმე იყო დიდთოვლობიდან, ყინვებიდან გამომდინარე. შესაბამისად თებერვლის ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალი იყო ვიდრე განსაზღვრული გვქონდა. მიუხედავად ამისა, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგი ციფრია. ეს წინასწარი მაჩვენებელია და სავარაუდოდ ცოტა კიდევ გაიზრდება, როდესაც საბოლოო ციფრზე მივალთ.

რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია მარტი მარტთან შედარებით იყო ნეგატიური, ანუ დეფლაცია გვქონდა 2%-ის. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ფასები შემცირდა 2%-ით გასული წლის მარტთან შედარებით, წლევანდელი წლის მარტის ფასები რომ ავიღოთ. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები შემცირებულია. საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირებამაც გამოიწვია საქართველოში დეფლაციაც. გასულ წელს გვახსოვს, რომ საკმაოდ მაღალი ინფლაციური ფონი გვქონდა. პირველ კვარტალში 10-11%-იანი ინფლაცია იყო. მაშინაც საზოგადოებას ვუხსნიდით, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საკვებ პროდუქტებზე იყო ფასები გაზრდილი და შესაბამისად, ეს აისახებოდა ქართულ ეკონომიკაზეც.

ზუსტად ასეც მოხდა. ფასები შემცირდა მსოფლიო ბაზრებზე და ამან გამოიწვია ის, რომ პირველი კვარტალი დეფლაციურია და ფასების 2%-იანი შემცირებაა. ეს არის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მინდოდა მეთქვა საზოგადოებისთვის. ვაგრძელებთ პირველი კვარტლის შედეგების ანალიზს, უახლოეს დღეებში გავაცნობთ კიდევ სხვა მაჩვენებლებს საერთაშორისო ვაჭრობასთან და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური