საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 6 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 6 სექტემბრის მთავრობის სხდომა2012 წლის 6 სექტემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მორიგი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ახალი სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროგრამების მიმდინარეობა და ხე-ტყის რესურსების მოპოვების გადასახადების ახალი კონცეფცია.

სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წარმოების ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე. ვანო მერაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა არის მსოფლიოში ბიზნესის დაწყების კუთხით, კვლავ უამრავი დაბრკოლება არსებობს საკანონმდებლო დონეზე, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს დაავალა სამინისტროებში არსებული რეგულაციების შესწავლა და მათი გამარტივება.

ახალი სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც პრემიერ-მინისტრს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააცნო. მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრამდე სამედიცინო დაწესებულებებს უკვე მიმართა 44 ათასმა ახლად დაზღვეულმა ადამიანმა, ხოლო ცხელ ხაზზე შემოვიდა 17 ათასზე მეტი ზარი.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც წარმოადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა რამაზ სულამანიძემ. მისი განცხადებით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული 763 ათასი ოჯახიდან, დასაქმების აგენტებმა უკვე მოინახულეს 460 ათასი ოჯახი (60.2%), ხოლო გამოკითხულთაგან ბაზაში შეყვანილ იქნა 258 ათასი ოჯახის მონაცემი (საერთო რაოდენობის 33.8%). დასაქმების მსურველთა პრიორიტეტული პროფესიები მოცემული მომენტისთვის არის ბანკის ოპერატორი, ბუღალტერი და ექთანი.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობა წარმოადგინა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა დავით კობერიძემ. მისი განცხადებით, 1 აგვისტოდან დაწყებული თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ასაცრელი 922 ათასი პირუტყვიდან, დღეის მდგომარეობით აცრილი არის 498 ათასი, რაც საერთო რაოდენობის 54%-ს შეადგენს.

მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობა, წარმოადგინა საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა. მისი განცხადებით, მოცემული მომენტისთვის 350 ათას მიწის ნაკვეთზე დასრულდა საველე სამუშაოები, მათგან 207 ათასის რეგისტრაცია უკვე განხორციელდა, ხოლო 160 ათას მფლობელს დაურიგდა ამონაწერი. 2012 წლის ბოლომდე ელექტრონულ ბაზაში არსებული ნაკვეთების რაოდენობა გაიზრდება 1 მილიონამდე, ხოლო მომდევნო წელს დასრულდება სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია და ბაზაში შესული ნაკვეთების რაოდენობა 2.5 მილიონს მიაღწევს. წიქარიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ პროექტის განხორციელებამ საქართველოს მოქალაქეებს უკვე დაუზოგა დაახლოებით 40 მილიონამდე ლარი სხვადასხვა მოსაკრებლების და სამუშაოების სახით.

ხე-ტყის რესურსების მოპოვების გადასახადების ახალი კონცეფცია წარმოადგინა ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა. ახალი კონცეფციის მიხედვით, მკვეთრად შემცირდება ხე-ტყის კომერციულ და სოციალურ ჭრაზე დაწესებული მოსაკრებელის რაოდენობა და მისი მოცულობა. გარდა ამისა გამარტივდება ხე-ტყის მოჭრისთვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურა.