საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს შეხვდა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს მოახსენა დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხების და ეროვნული ბანკის განკარგულებაში მყოფი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესახებ.

სახელმწიფოს ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის და 2 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს. კერძოდ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე - 920 მლნ ლარი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე - 200 მლნ ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე - 320 მლნ ლარი ხოლო სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე - 587 მლნ ლარი არის განთავსებული.
ფისკალურად ჯანსაღია 2013 წლის ბიუჯეტის საპროექტო მონაცემები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უკვე წარდგენილია განსახილველად საქართველოს პარლამენტში. კერძოდ არსებული კანონპროექტით ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,5%-დან 2,8%-მდე. ამასთან, ბიუჯეტის მოცულობამ საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მისმა ხარჯვითმა ნაწილმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 8.5 მლრდ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტისთვის 9.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის ზრდა იგეგმება 500.0 მლნ ლარით.

ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, გარდა შიდა რესურსისა, საქართველოს გააჩნია ადექვატური ოდენობის საერთაშორისო რეზერვები. კერძოდ 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით, ეროვნულ ბანკში განთავსებული ოფიციალური სარეზერვო აქტივები 2.9 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი - სექტემბრის მონაცემებით წლიური ინფლაცია ნულის ფარგლებშია და მისი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის მოსალოდნელი. 2012 წლის დარჩენილ პერიოდში და 2013 წლის განმავლობაში, არსებული პროგნოზებით, წლიური ინფლაცია დაბალი ერთნიშნა მაჩვენებელი იქნება.

მთლიანობაში, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, სახელმწიფოს ფინანსური კუთხით გააჩნია ძლიერი და მდგრადი პოზიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში პასუხისმგებლიანი და მომავალზე ორიენტირებული, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით სახელმწიფოს გააჩნია საკმარისი თანხები და სავალუტო რეზერვები, რათა საქართველოს შემდეგმა მთავრობამ შეძლოს არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. ვანო მერაბიშვილმა წარმატება უსურვა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.