საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ვარშავის უნივერსიტეტში გამართული კონფერენციისადმი ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ვარშავის უნივერსიტეტში გამართული კონფერენციისადმი

წმინდა მღვდელმოწამის არქიმანდრიტ
გრიგოლ ფერაძის სახელობის
საერთაშორისო კონფერენციას

მისასალმებელია, რომ ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული წმინდა მღვდელმოწამის არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა XI სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ვარშავაში 6-8 დეკემბერსაა დაგეგმილი, იქცა ტრადიციად და მასში მონაწილეობენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.

გრიგოლ ფერაძის თავდადებული მოღვაწეობით იქნა სწორედ დაცული უამრავი ძველი ქართული ხელნაწერი. მან ამ საგანძურის მოძიებასა და შესწავლას მთელი თავისი სახსრები და ძალისხმევა მოანდომა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხეს პოლონეთისა და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა და იგი იქცა ჩვენი ერების ურთიერთობის სიმბოლოდ.

წლების განმავლობაში ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობდა და სამეცნიერო კვალიფიკაციას იმაღლებდა უამრავი ქართველი სტუდენტი. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტში მუშაობენ ქართველი პროფესორები, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს ქართველი და პოლონელი სტუდენტების მეგობრობა, რადგან ისინი მომავალი ევროპის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ.
მივესალმები კონფერენციის ყველა მონაწილეს და გამოვთქვამ იმედს, რომ წლევანდელი ფორუმი დასაბამს მისცემს ბევრ ახალ სასიკეთო წამოწყებას.