საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2043

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიერ 2012 წლის1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 9 867 (ცხრაათას რვაას სამოცდაშვიდი) ლარი.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება განახორციელოს ს/ს „ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი