საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ევროპელ სოციალ–დემოკრატებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის სოციალ დემოკრატთა ფაქტების დამდგენი მისიის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მისიის ხელმძღვანელს, ევროპული ფორუმის პრეზიდენტს, შვედ პოლიტიკოსს ტომი ვაიდელიხს ვიზიტისთვის და იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც სოციალ-დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ხშირად აფიქსირებენ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. მანვე, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ევროპელ სოციალისტებთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

ორმხრივი ურთიერთობების საკითხის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემატიკის გარშემო ისაუბრეს.

ევროპელი სოციალისტები ევროპის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანებაა. მათი წარმომადგენლობა ევროკავშირის ინსტიტუტებში საკმაოდ შთამბეჭდავია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური