საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ვიზიტი დაასრულა ამოსაბეჭდი ვერსია


დასრულდა საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ბაქოში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიზიტის მიზანი ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა იყო. კონფერენციაზე ხელი მოეწერა რეზოლუციას „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის დაფინანსებაზე შეთანხმება. კონფერენცია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.
სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც "შაჰ-დენიზის" ნავთობსადენის მე-2 ფაზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა მოხდეს თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება. დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ საქართველოს ტერიტორიაზე. ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში.
შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში 400-700 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2 000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
გარდა ამისა, საქართველო მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს.
არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული ბუნებრიივი აირი 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს. ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისათვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით დაახლოებით 350 000 ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.
შაჰ-დენიზის საბადო - ყველაზე დიდი საბადოა აზერბაიჯანში, რომელიც კასპიის ზღვაში მდებარეობს. საბადო 1999 წელს აღმოაჩინეს. საბადოს ოპერატორები არიან კომპანიები - BP (25.5%), Statoil (25.5%), SOCAR (10%), Total S.A. (10%), LUKoil (10%), NIOC (10%), TPAO (9%). "შაჰ დენიზის" საბადოს რეზერვი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოზე გაზისა და გაზის კონდენსანტის მოპოვება 2006 წელს დაიწყო.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური