საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდული ორგანიზაციების მეხუთე ფორუმზე იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდული ორგანიზაციების მეხუთე ფორუმზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მეხუთე ფორუმს დაესწრო.
ფორუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოს გამოწვევები და მიღწევები ახალგაზრდულ სფეროში. ასევე იმსჯელეს სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სწორედ ახალგაზრდობა არის მთავარი რესურსი, რომელზეც უნდა დაეფუძნოს ქვეყნის დემოკრატიული მომავალი და ეკონომიკური პროგრესი.
„ჩვენი ამოცანაა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სრულყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ინტენსიური კავშირი მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ საქართველოში არსებობს 160 ახალგაზრდული ორგანიზაცია. დასახვეწია ახალგაზრდული პოლიტიკა. ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური