საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერის შეხვედრა კლაუს გერჰაუზერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2013-12-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰაუზერს შეხვდა.
შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა და მას ფინასთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრებოდა. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 171 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 19 დეკემბერს მოეწერა ხელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეთანხმებებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონ კლაუს გერჰაუზერს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მიმართ იჩენს და იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
„ ვფიქრობთ რომ 2014 წლის გაზაფხულზე შესაძლებელი იქნება საინვესტიციო (ბიზნეს) ფორუმის ჩატარება საქართველოში. ფორუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დაახლოებით 300 კერძო და სახელმწიფო სექტორის, განვითარების ინსტიტუტების, ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იყოს პლატფორმა ბიზნესის წარმოებისათვის მთელი რეგიონისთვის. იმედი გვაქვს, რომ აზიის განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის წარმოჩენას მის წევრ ქვეყნებში და გახდება ხიდი საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური