2013 წლის 19 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2013 წლის 19 დეკემბერს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 26 საკითხი განიხილეს, დაემატა 2, დამტკიცდა 28 საკითხი.
დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, კანონში ცვლილების შეტანის გზით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N22/ნ ბრძანებით განსაზღვრულ ფარმაცევტულ პროდუქტზე გავრცელდება კონტროლის ის რეჟიმები, როგორიც დადგენილია I ჯგუფისთვის მიკუთვნებულ სხვა სამკურნალო საშუალებებზე. აღნიშნული ცვლილება შესაძლებელს გახდის მათ მიმოქცევაზე (იმპორტი, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა) მკაცრი კონტროლის განხორციელებას და საბოლოოდ, იმ უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობას, რაც შესაძლოა მოჰყვეს მითითებული ფარმაცევტული პროდუქტების არამიზნობრივ გამოყენებას. პროექტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება იმ ავადმოხმარებადი სამკურნალო საშუალებების, მათ შორის, პრეპარატების ნუსხა (ისეთი სამკურნალო საშუალებები და პრეპარატები, რომელთა არადანიშნულებისამებრ გამოყენება სუფთა სახით ან სხვა ნივთიერებებთან ერთად იწვევს ნარკოტიკულ თრობას), რომლებზეც გავრცელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც იქმნება ახალი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, კერძოდ, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება (მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-101, 123 მუხლები, VIII1, X1 თავები). თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულების განთავსება მოხდება რისკების მიხედვით, ხოლო რისკების სახეები და კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.
მთავრობის დღევანელ სხდომაზე მიიღეს კანოპროექტი "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ", რომლის მიზანია საქართველოს მიერ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით" ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციების ასახვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური