საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-08

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება დამტკიცდა.

ახლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია სხვა უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან ერთად, ე.წ. სტამბოლის კონვეციით გათვალისწინებული ადგილობრივი მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციას შეასრულებს. გარდა ამისა, ის შეიმუშავებს შესაბამის ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს, უზრუნველყოფს მათი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს. უწყებათაშორისი კომისიის კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილება მიიღეს გაეროს სააგენტოებმა.  

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა/გაძლიერების მიმართულებით ბოლო პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველომ ასევე მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაცია (ე.წ. სტამბოლის კონვენცია), რომლის მეათე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მხარეები ნიშნავენ ან აფუძნებენ ერთ ან მეტ ოფიციალურ ორგანოს, რომელიც კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისაკენ მიმართული პოლიტიკისა და ზომების კოორდინაციაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე იქნება პასუხისმგებელი.