საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-07

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.


მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე, რის შედეგადაც ხდება საერთაშორისო სამართლისა და ელემენტარული ადამიანური ნორმების უხეში ხელყოფა. ეს კი სერიოზულ გამოწვევებს უქმნის საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას. საუბარი შეეხო გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის ფაქტს.
ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.


პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით 2017 წლის პირველი ნახევრის შედეგები და მომავლის პერსპექტივები. ასევე, განხილულ იქნა საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მხრივ მოსაგვარებელი პრობლემები.


ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე მუშაობა და, რუსეთის მხარის მზაობის შემთხვევაში, გამოხატავს მზადყოფნას, შეთანხმებულ ვადებში მოხდეს შვეიცარულ კომპანიასთან ქართული და რუსული მხარეების მიერ შესაბამისი კონტრაქტების გაფორმება.


გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის მხარე მზად არის, შვეიცარელ კოლეგებთან ერთად განიხილოს შესაბამისი კონტრაქტების გაფორმების ვადები და შესაბამისი მექანიზმი, რათა შემდგომ დაიწყოს 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული ამოქმედება.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი.
პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.