საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელსა და პრაღაში გამართული შეხვედრები შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელსა და პრაღაში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირის სტრუქტურებში გაიმართა არაერთი შეხვედრა, მათ შორის - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან ჟან-კრისტოფ ბელიართან და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტთან, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ელჩები.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ასევე - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პრაღაში მიმდინარე არაფორმალურ დიალოგს.

„ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზზე შექმნილ სირთულეებზე, მათ შორის სოფელ ბერშუეთთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, ითქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან აღდგა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთობები არ აისახა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს კომუნიკაციის, დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას. ევროკომისიის წარმომადგენელმა ამ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამაგალითო, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირი მუდამ ყურადღების ცენტრში იქონიებს საქართველოს პრობლემებს და მაქსიმალურად შეეცდება, აღმოუჩინოს სხვადასხვა სახის დახმარება.
ზურაბ აბაშიძემ ასევე ისაუბრა 7 ივლისს, პრაღაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებზე ფოკუსირებული კონკრეტული დღის წესრიგის მიუხედავად, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარებით, მათ შორის ბოლო პერიოდში ბანერების დამონტაჟების თემით დაიწყო.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებაზე ხელმოწერის ვადებს. ზურაბ აბაშიძის თქმით, შედგა შეთანხმება, რომ შვეიცარიულ ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმების ვადები შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად განისაზღვრება, რათა უახლოეს მომავალში მისი იმპლემენტაცია დაიწყოს.
„ბანერების აღმართვას, რაც ყოვლად მიუღებელი ფაქტია და ზოგადად, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენებს ერთ-ერთი ასეთი მიზანი აქვს - აიძულოს ქართული მხარე, დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებებს. მაქსიმალურად შევეცდებით, საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით, ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80% ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემების მოგვარებაზეა მიმართული. ეს პრობლემები, რომლებიც ასეთი მძიმე ფორმით 2008 წლის ომის შედეგია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი სამიზნეა, რათა მოხდეს მათი მინიმიზება და ეტაპობრივი მოგვარება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.