საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ზურაბ აბაშიძე - ე.წ. რუსეთის კულტურის ცენტრთან დაკავშირებული  კონფერენცია  გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-09

დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში" გამართულ კონფერენციას - „რუსეთის კულტურის ცენტრი -  ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში".

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით.  
 
„დღეს, სასტუმრო „რუმსში", უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის" ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი -  ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
 
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია.

„ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.