საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში 5 პირი მონაწილეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-02-13

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით აკაკი გიგინეიშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, თამარ ჭელიძემ, ნინო ქუბინიძემ და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრი 2019 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N5205-Iს დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის #14 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 9 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.