საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი - გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას განაგრძობს ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-18

გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას განაგრძობს ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფების შეხვედრას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკვე შედგა შეხვედრა ჯანდაცვის ჯგუფთან და დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები ეკონომიკურ, სამართალდამცავ და მართლწესრიგის ჯგუფთან. 

„პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია, თუ რა ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში. ასევე, მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი სიმძლავრეები იქნა მოძიებული ჯანდაცვის სისტემაში, იმისათვის, რომ მზად დავხვდეთ შესაძლო გართულებებს. დღეისათვის, როგორც იცით, ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ შეადგინა 38 ადამიანი. მათი უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლებით. კარანტინში დღეის მდგომარეობით იმყოფება 1261 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ არის 216 პირი. მათთან მიმართებაში ხორციელდება ყველა განსაზღვრული ღონისძიება. 

პრემიერმა ასევე მიიღო ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისგან, თუ რა მდგომარეობაა სწრაფ ტესტირებასტან და დამატებითი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდის კუთხით ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების  განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დროულად და შეუფერხებლად მოხდეს, ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნება.

„იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას. ასევე თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური