საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროში გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.


ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია მომსახურება საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით გამარტივებულ მომსახურებას და სახელმწიფო პროგრამებზე წვდომას ყველასთვის, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი. მომსახურება 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ უკვე 83 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლშია ხელმისაწვდომი, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/


ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვ. 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ასევე გაიხსნა ჩოხატაურში, ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულსა და ბაღდათში. მშენებლობა აქტიურად გრძელდება.


პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

► მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/ge/centers