საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში

2020-11-13

ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში"

გახანგრძლივდება სახელმწიფო პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" ვადა, რათა უფრო მეტმა მეწარმემ შეძლოს მასში მონაწილეობის მიღება. ასევე ცვლილების თანახმად დაშვებული იქნება შერეული მიზნობრიობით გაცემული სესხების სუბსიდირებაც, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაფინანსების მიმღებთა ოდენობას.

სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამით, დღეის მდგომარეობით, უკვე დაფინანსდა 1 873 პროექტი (1 339 უნიკალური სესხი) . დაფინანსების მოცულობა შეადგენს 24 759 697 ლარს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „საკრედიტო საგარანტიო სქემა" - იზრდება პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ პანდემიის ეკონომიკაზე გავლენის გათვალისწინებით, სამიზნე მიმართულებებს დაემატება ბიზნეს და სავაჭრო ღონისძიების, შეკრებების და კონფერენციების მიმართულებები, ასევე ყინულის წარმოება.

ასევე საკრედიტო გარანტია უკვე შესაძლოა გაიცეს ისეთ ეკონომიკურ საქმიანობების ფარგლებში აღებულ სესხებზე, როგორებიცაა: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, ზეთოვანი, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული და ფარმაცევტული კულტურების და სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მეწარმეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის, ინდუსტრიულ ნაწილში აქამდე არსებულ მიმართულებებს ემატება კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები, ფიზიკური, ქიმიური და სხვა ანალიზური გამოცდების ჩატარება და ა.შ.