მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართობის გადაცემა იკრძალება ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-08

საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართობის გადაცემა/დათმობა იკრძალება, - შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

დადგენილება ფართობის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართობის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართობის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულებელყოფა დაუშვებელია.

როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა, მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვ.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის დადგენილების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში უარესდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემომყოფებს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და სხვ.", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური