საქართველოს მთავრობა – სიახლეები

იოჰანა ნელესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს მადლობას უხდის ამოსაბეჭდი ვერსია

2021-11-25

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის აღმასრულებელი მდივანი იოჰანა ნელესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს 8-12 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედების ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.

ოფიციალურ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიიღო, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ნაყოფიერად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს მათ სამომავლო საქმიანობას.

„GREVIO-ს სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენ და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებს უმაღლეს დონეზე თანამშრომლობისთვის საქართველოში GREVIO-ს ვიზიტისთვის მომზადებასა და განხორციელებაში. მთავრობის სხვადასხვა წევრთან თქვენს მიერ მომზადებული შეხვედრები ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, ხოლო ვიზიტის ფარგლებში მოპოვებული მასალა დიდ დახმარებას გაუწევს მომხსენებლებს თავიანთ საქმიანობაში. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებ საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ესწრებოდნენ ხსენებულ შეხვედრებს და გაგვიზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას GREVIO-ს ანგარიშის მომზადების ფარგლებში", - აღნიშნულია იოჰანა ნელესის წერილში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური