საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-30

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რაც კარგი დასაწყისია მომავალი წლის ბიუჯეტისთვის, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე აღინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობით დაინტერესდა და ფინანსთა მინისტრისგან განმარტება მოისმინა. ნოდარ ხადურის განცხადებით, დილის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, შესრულება შეადგენდა 100,3 %-ს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა და ხვალ დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონ ლარს. შემოსულობების თვალსაზრისით, ბიუჯეტი გადაჭარბებულია. გადასახადები მობილიზებულია, დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის 6 მილიარდ 840 მილიონი ლარი, რაც 20 მილიონი ლარით მეტია უკვე. გარდა ამისა, 98%-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება და ძირითადად ეს თანხა არის ეკონომიებიდან წარმოქმნილი, მათ შორის ტენდერებიდან წარმოქმნილი. ანუ, 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, არის ეკონომიებით გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონომია იყო იმ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით,"- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური